‼️‼️‼️ მეგობრებო, დღეს გვინდა პირდაპირ და ღიად გესაუბროთ „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის მომავალზე.
წლების წინ ეს ყველაფერი რამდენიმე ადამიანის სტუდენტური ენთუზიაზმით დაიწყო. არ არსებობდა დიდი გუნდი, დაფინანსება ან რაიმე განსაკუთრებული რესურსი — იყო ინტერესი, თავისუფალი დრო და სურვილი, შეგვექმნა სივრცე, სადაც მკითხველი მნიშვნელოვან სამხედრო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე სწრაფ, სანდო და გასაგებ ინფორმაციას მიიღებდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
პროექტები გაიზარდა, გაიზარდა აუდიტორიაც და, ბუნებრივია, რამდენჯერმე გაიზარდა სამუშაოს მოცულობაც. ის, რაც წლების წინ თავისუფალ დროს დაწყებული საქმიანობა იყო, დღეს ყოველდღიურ, პრაქტიკულად სრულ განაკვეთზე შესასრულებელ სამუშაოდ იქცა.
ამიტომ მივედით ეტაპამდე, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ, რა ფორმით შეძლებენ „ალფა სიხშირე“ და WORLD MILITARY არსებობის გაგრძელებას.
🔹 ერთი პოსტის უკან ხშირად საათობით მუშაობაა
მკითხველი საბოლოოდ რამდენიმე აბზაცს ხედავს, მაგრამ ამ რამდენიმე აბზაცამდე მისასვლელი გზა გაცილებით გრძელია.
ყოველდღიურად გვიწევს უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადის თვალყურის დევნება, მნიშვნელოვანი ცნობების მოძიება, პირველწყაროების პოვნა, სხვადასხვა წყაროს ერთმანეთთან შედარება და ინფორმაციის გადამოწმება.
ამას ემატება უცხოენოვანი მასალების თარგმნა და დამუშავება, კონტექსტის მოძიება, დეზინფორმაციისა და მანიპულაციური ცნობების გაფილტვრა და საბოლოოდ ყველაფრის გასაგებ და ინფორმაციულ ტექსტად ჩამოყალიბება.
განსაკუთრებით ომისა და საერთაშორისო კრიზისების დროს საინფორმაციო სივრცე პრაქტიკულად არასდროს ჩერდება. მოვლენები ვითარდება ღამითაც, შაბათ-კვირასაც და დღესასწაულებზეც. თუ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად მოგაწოდოთ, ამ პროცესში მუდმივად ჩართული უნდა ვიყოთ.
ამავდროულად, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კვლავ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობაა — არა ხმაურიანი ლოზუნგებით, არამედ ინფორმაციის მოძიებით, გადამოწმებითა და ფაქტებზე დაფუძნებული მასალების გავრცელებით.
🔹 სტუდენტური ენთუზიაზმით დაწყებული საქმე დღეს უკვე სრულფასოვან სამუშაოდ იქცა
წლების განმავლობაში ამ ყველაფერს მოხალისეობრივი შრომით, პირადი რესურსებითა და ენთუზიაზმით ვაკეთებდით.
სწორედ ენთუზიაზმმა მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ პროექტების დღევანდელი მასშტაბის გათვალისწინებით, მხოლოდ ენთუზიაზმი საკმარისი აღარ არის.
დღის მნიშვნელოვანი ნაწილის ამ საქმიანობისთვის დათმობა და პარალელურად სხვა სამსახურში სრულფასოვნად მუშაობა სულ უფრო რთული, საბოლოოდ კი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
აქ საქმე მხოლოდ თავისუფალი დროის ნაკლებობას არ ეხება. ყველას გვაქვს ჩვეულებრივი ყოფითი საჭიროებები და ხარჯები. იმისთვის, რომ ისინი დაფარო, საჭიროა შემოსავალი, ხოლო შემოსავლის მისაღებად სხვა საქმიანობისთვის დათმობილი დრო პირდაპირ აკლდება ამ პროექტებს.
რეალობა მარტივია: შეუძლებელია წლების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით საათის ეკვივალენტის შრომა მხოლოდ თავისუფალი დროისა და პირადი რესურსების ხარჯზე გაგრძელდეს.
🔹 არსებობს უფრო მარტივი გზაც, მაგრამ ჩვენ მას შეგნებულად არ ვირჩევთ
დღესაც გვაქვს პოლიტიკური დაფინანსების მიღების შესაძლებლობები კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისა და ნარატივების გატარების სანაცვლოდ.
ეს ბევრ ფინანსურ პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადაჭრიდა.
მაგრამ სწორედ აქ გადის ჩვენი წითელი ხაზი.
არ გვინდა, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, პარტიას თუ სხვა ინტერესთა ჯგუფს ჰქონდეს შესაძლებლობა განსაზღვროს, რას დავწერთ, რას არ დავწერთ და როგორ გავაშუქებთ კონკრეტულ მოვლენას.
ამიტომ დამოუკიდებლობისა და სარედაქციო თავისუფლების სანაცვლოდ დაფინანსების მიღებას არ ვაპირებთ.
თუმცა დამოუკიდებლობასაც აქვს თავისი ფასი და დღეს ამ ფასის გადახდის საკითხი უკვე პროექტების არსებობას უკავშირდება.
🔹 რა გვჭირდება რეალურად?
არა რამდენიმე ადამიანისგან ერთჯერადად დიდი თანხები.
ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ბევრი ადამიანის მცირე, მაგრამ სტაბილური ყოველთვიური მხარდაჭერა.
სწორედ ასეთი მოდელი მოგვცემდა შესაძლებლობას, დრო, რომელიც დღეს სხვა შემოსავლის წყაროს მოსაძებნად გვჭირდება, კვლავ ამ პროექტებს მოვახმაროთ და თქვენთვის ინფორმაციის მიწოდება იმავე ინტენსივობით გავაგრძელოთ.
განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამას უკვე აკეთებენ.
გვყავს მხარდამჭერთა შედარებით მცირე, მაგრამ მუდმივად აქტიური ჯგუფი, რომელიც ყოველთვიური დონაციებით არა მხოლოდ ფინანსურად გვეხმარება, არამედ გვაჩვენებს, რომ მათთვის ამ საქმიანობას რეალური ღირებულება აქვს.